სხვისი შვილები
კომედია
ეძღვნება გამოყენებული ტექსტების ავტორებს/
მთარგმნელებს:
უილიამ შექსპირს,
ინგებორგ ბახმანს,
ივანე მაჩაბელს
ვახტანგ ჭელიძეს
ბერტოლტ ბრეხტს
ევრიპიდეს
ჰენრიკ იბსენს
გალაკტიონ ტაბიძეს
ჟან ანუის
ვინჩენცო ბელინის
სემუელ ბეკეტს
ჯორჯ ორუელს
სარა კეინს
გიორგი მერჩულეს
მოქმედი პირები:
სიმონ ჩაჩავა – შვილოსნობის ქალღმერთი
გაუთხოვარი, სამედიცინო ასისტენტები 1 & 2 – სიმონ ჩაჩავას შიკრიკები
მეამბოხე წყვილი:
ქალი
კაცი
ბურჟუაზიული წყვილი:
სნობა
სნობი
უბედური წყვილი:
ტანჯულა
ტანჯული
უშუალო წყვილი:
უბრალა
უბრალო
სურათი .1.
(სუსტად განათებულ სცენაზე 8 მოქმედი პირისთვის საკმაოდ მცირე, შემოზღუდული სივრცეა. სინათლე იმატებს, წყვილები უძრავად დგანან დიდი ხნის მანძილზე. უხერხული სიჩუმეა.)
უბრალა: კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე?
(ცდილობს, არ გაინძრეს და მიმიკური კუნთებიც კი არ ამოძრაოს)
უბრალო : შშშ!
უბრალა: რა თქვი?
უბრალო : (კბილებში ცრის) ჩშშშ-მეთქი!
უბრალა : კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე?
უბრალო : ჩუმად, ქალო, ჩუმად!
უბრალა: (უკმაყოფილოა, მაგრამ ადგილიდან არ იძვრის. დიდი პაუზა.) არა, მაინც რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ ასე?
ტანჯული : (ასევე გაუნძრევლად) თუ შეიძლება, დაიცავით სრული სიჩუმე. ნუ ლაპარაკობთ!
უბრალა : (ტანჯულს) ბატონო? რა ბრძანეთ?
უბრალო : (სასწრაფოდ წაავლებს ხელს, საკუთარ ადგილს მიუჩენს) ჩუმად-მეთქი, ქალო, არ გესმის?
ტანჯულა : (ტანჯულს) რა შენი საქმეა? რატომ ერევი? იცნობ ამ ქალს?
ზტანჯული : ახლა შენ დაიწყე! ჩუმად-მეთქი!
ტანჯულა : (გაუნძრევლად, უბრალას) უკაცრავად, ჩვენ თქვენ გიცნობთ? უფრო სწორედ, ჩემი ქმარი თქვენ, ანუ თქვენ და თქვენს მეუღლეს, ან თუნდაც თქვენ, ცალკე აღებულს, გიცნობთ?
უბრალა : (უძრავად. ტანჯულას) არა, რას ამბობთ, პირიქით!
ტანჯულა : პირიქით? ეგ როგორ გავიგო?
უბრალა : (ქმარს გამოეხსნება) „პირიქით“ გაიგეთ, როგორც „პირიქით“, ესე იგი – პირიქით.
ტანჯულა : ანუ, მაინც როგორ? თქვენ არ იცნობთ ჩემს ქმარს, არამედ ჩემი ქმარი გიცნობთ თქვენ?
ტანჯული/უბრალო : (თავიანთ ცოლებს) ჩუმად-მეთქი!
სნობა: როგორ არ მოგბეზრდათ ეს უსაგნო სიტყვები...
სნობი: (სნობას) ...და ბედისწერამ მე მარგუნა...
კაცი: (ქალს) შენ რატომ არაფერს ამბობ?
ქალი: რა ვთქვა?
კაცი : რა ვიცი, უკვე ყველა ქალმა თქვა რაღაც... შენც გეცადა.
ქალი : ჩშშშ! ჩუმად!
ტანჯულა : (ტანჯულს) ხედავ? ქალი ქმარს აჩუმებს!
კაცი : (მცირე პაუზა) კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე უაზროდ?
სნობა : (სნობს) მითხარი, მართლა უაზროდ ვდგავართ?
სნობი : ...და ბედისწერამ მე მარგუნა...
კაცი : ვინმემ მაინც მიპასუხეთ, აზრი აქვს აქ ასე დგომას?
ქალი : ჩშშშ! წესებს ნუ დავარღვევთ, ჩუმად უნდა ვიყოთ.
კაცი : რომელ წესებს? სად წაიკითხე? ვინ გითხრა?
უბრალა : ჰო, მართლა, რომელ წესებს?
უბრალო : ჩუმად, ქალო! რამდენ კითხვას სვამ, სირცხვილია.
უბრალა : რა არის სირცხვილი? უკვე ნახევარი საათია, ასე ვდგავართ და ნუთუ სირცხვილია, ვიკითხო – რატომ?!
ტანჯულა : (ტანჯულს) რატომო...
ტანჯული : წესია ასეთი. აქ ჩუმად უნდა იყო, ზედმეტი ხმაური არ შეიძლება.
სნობა : ღმერთო, ნუთუ ასე ძნელია, წესებს დაემორჩილო, ერთხანს გაუნძრევლად იდგე და ხმა არ ამოიღო?
სნობი : გააჩნია – ვისთვის!
ტანჯულა : (სნობს და სნობას) არც თქვენ გიცნობთ ჩვენ, თუ თქვენც პირიქით?
სნობი : არა, არ გვიცნობთ და, მადლობა ღმერთს, არც პირიქით.
სნობა : ჰო, მართალია, არავითარი „პირიქით“!
ტანჯული : სულ მოვეშვით და ავხმაურდით! ჩუმად-მეთქი!
ქალი : (მცირე პაუზის შემდეგ. კაცს) ისე, მართალი ხარ, ვინ წაიკითხა, სად წერია ეს წესები... მე არსად მინახავს (წინ გადმოდგამს ნაბიჯს) თუმცა, ჰო... ჩშშშ!
კაცი : (ყველას) არავინ არაფერი იცით?
(სიჩუმე)
შენ ხომ ყველაფერი იცი...
ქალი : ჩუ!
ტანჯულა : ისე აჩუმებს, თითქოს თვითონ იყოს დარწმუნებული წესების სისწორეში, ამ წუთას არ თქვა...
ტანჯული : (აწყვეტინებს) ნუ ერევი, ჩვენ მათ არ ვიცნობთ და არც პირიქით.
ტანჯულა: რა პირიქით?
სნობა : (სნობს) ჰერრეგუდ, რა ბედნიერებაა, რომ მე და შენ არც ისე ვიცნობთ ამათ და არც პირიქით!
სნობი: გააჩნია – ვისთვის.
სნობა: რა ვისთვის?
სნობი: გააჩნია, ვისთვის არის ბედნიერება და ვისთვის – პირიქით.
სნობა : როგორ, შენ გინდა თქვა, რომ პირიქითაც შესაძლებელია?
სნობი : პირიქით შესაძლებელია და შესაძლებელია – პირიქითაც.
სნობა : ჰერრეგუდ! როგორ არ მოგბეზრდა ეს უსაგნო სიტყვები...
სნობი : გააჩნია – ვისთვის.
სნობა : რა ვისთვის?